თბილისი (GBC) - ადგილწარმოშობის დასახელების ქართული ღვინოების რაოდენობა 2 ერთეულით – 32-მდე გაიზარდა, რასაც საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქართული ღვინის მრავალფეროვნების ხაზგასასმელად, მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.

ადგილწარმოშობის დასახელების ახალი ღვინოა „ლეჩხუმი“ – მშრალი ღვინო, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი და ქარვისფერი. მიკროზონა მდებარეობს ლეჩხუმში და მოიცავს ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული რიონის, ლაჯანურისა და ცხენისწყლის ხეობების მევენახეობისათვის ხელსაყრელ ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების არეალს. ღვინო „ლეჩხუმი“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ შესაბამის მიკროზონაში მოწეული ცოლიკაურის ჯიშის ყურძნიდან. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

ღვინო „ლეჩხუმის“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა.

რაც შეეხება ადგილწარმოშობის დასახელების ახალ ღვინოს „რაჭა“, ის წითელი მშრალი ღვინოა, ღია ლალისფრიდან მუქ ლალისფრამდე; რაჭის მიკროზონაში, ონისა და ამბროლაურის გარდა, შედის ამ ორი მუნიციპალიტეტის სოფლები: ხვანჭკარა, წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ქვემო ჭყვიში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, ქვემო კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი, ძირაგეული, მუხლი, ნიგვზარა, ზუდალი, შარდომეთი და სორი.

ღვინო „რაჭა“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ რაჭის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15%-მდე, ჯამურად, ამავე მიკროზონის კაბისტონის, ძელშავის და საფერავის ჯიშების გამოყენებაც.

ზემოხსენებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ მევენახეთა ასოციაცია „ხვანჭკარამ“ მიმართა.

უწყების ცნობით, საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებია: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელოური, ზეგაანი, ასურეთული შალა, ოკამი, ობჩა, ლეჩხუმი და რაჭა.

აღნიშნული ღვინოების წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა.