თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით, საქართველოს ბრიტანეთიდან ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე Walk-around Tasting ბრიტანელი სტუმრები 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიის, თანამედროვე ინდუსტრიის, ქართული ვაზისა და ღვინის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ვიზიტის ფარგლებში, სარა ებოტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შეხვდა. მხარეებმა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როგორც ხარისხიან და ავთენტიკურ პროდუქტს.
ამასთან, ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტიმ აღნიშნა, რომ "შთამბეჭდავია ის მზარდი ხარისხი და მრავალფეროვნება, რაც დღეს ქართულ ღვინოში შეინიშნება“.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი მეღვინეების და ღვინის კომპანიების მიერ ბრიტანეთის ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერებასა და ექსპორტის მოცულობის ზრდას.
დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან Swirl Wine 2015 წლიდან თანამშრომლობს.