თბილისი (GBC) – ჩინეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ ავიაკომპანიებს უბრძანა, ამერიკული ავიაკომპანიის Boeing-ის თვითმფრინავების მიღება შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს იმ სავაჭრო ომის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე 145%-იანი ტარიფები დააწესა.

ამ ფონზე დღეს დილით Boeing-ის აქციების ფასი 2,5%-ით დავარდა.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, პეკინმა ასევე მოითხოვა, რომ ჩინელმა გადამზიდავებმა შეწყვიტონ თვითმფრინავების აღჭურვილობისა და ნაწილების შესყიდვა ამერიკული კომპანიებისგან.

ამასთან, ზოგიერთი თვითმფრინავის იმპორტი კვლავ დაშვებული იქნება, რადგან მიწოდებისა და გადახდის დოკუმენტაცია დასრულებული იყო ჩინეთის მიერ გამოცხადებული საპასუხო ტარიფების ძალაში შესვლამდე.

გამოცემა ასევე წერს, რომ ბრძანება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩინეთმა გასულ შაბათ-კვირას ამერიკულ საქონელზე 125%-იანი საპასუხო ტარიფები გამოაცხადა. ეს გადასახადები აორმაგებს აშშ-ში წარმოებული თვითმფრინავებისა და ნაწილების ღირებულებას, რაც ჩინური ავიაკომპანიებისთვის Boeing-ის თვითმფრინავების მიღებას არაპრაქტიკულს ხდის.