თბილისი (GBC) - ამერიკული საავტომობილო გიგანტი Ford Motor Co. შეწყვეტს ერთადერთი მოდელის იმპორტს, რომელიც აშშ-ის ბაზარზე ჩინეთიდან შეჰქონდა და Lincoln-ის მაღალი გამავლობის მანქანების წარმოებას სამშობლოში გადაიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
მიჩიგანში ბაზირებული ავტომწარმოებლის განცხადებით, კომპანია აშშ-ში Lincoln-ის წარმოების გაფართოებას 2030 წლიდან გეგმავს. ცნობისთვის, Ford SUV Lincoln Nautilus-ის იმპორტს ჩინეთიდან 2024 წლიდან ახორციელებდა.
დაახლოებით სამი წლის წინ, როდესაც Ford-მა Nautilus-ის ჩინური ხანჯოუდან იმპორტის გეგმები გამოაცხადა (სადაც ის Changan Automobile-თან ერთობლივი საწარმოს ფარგლებში იწარმოება), კომპანიამ გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ამერიკაში თავისუფალი საწარმოო სიმძლავრეების დეფიციტით ახსნა. ონტარიოს ქარხანას, სადაც აღნიშნული მოდელი მანამდე იწყობოდა, პროფილი შეეცვალა.
გასულ წელს Ford-მა აშშ-ში 34 000-მდე Lincoln Nautilus გაყიდა. შედარებისთვის, 2025 წელს კომპანიამ ბაზარს F-სერიის 829 000-მდე პიკაპი, 223 000-მდე Explorer და 146 000-ზე მეტი Bronco მიაწოდა.
წარმოების აშშ-ში დაბრუნების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის პოლიტიკის ფონზე მიიღება, რომელიც ავტომწარმოებლებზე აქტიურ ზეწოლას ახდენს და იმპორტირებულ ავტომობილებსა თუ სათადარიგო ნაწილებზე მაღალ ტარიფებს აწესებს.
პარალელურად, Ford ევროპულ ბაზარზე პოზიციების გამყარებას ცდილობს. კომპანია 2029 წლისთვის ევროპაში 7 ახალი მოდელის ჩაშვებას გეგმავს, რათა გაზარდოს მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები და გაუძლოს ჩინელი კონკურენტების მხრიდან არსებულ მზარდ მეტოქეობას.
