თბილისი (GBC) - გამომცემლობა Politico წერს, რომ 13 აგვისტოს, ევროპელი ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით საგანგებო ვირტუალური სამიტი გაიმართება.
Politico-ს ინფორმაციით, ალასკაზე, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ორი დღით ადრე, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მოწვევით ონლაინ ფორმატში უმაღლესი დონის საგანგებო სამიტი გაიმართება.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ლიდერები რუსეთზე ზეწოლის ვარიანტების, რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინული ტერიტორიების, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხებს განიხილავენ.
დღის განმავლობაში ორი ვირტუალური შეხვედრა გაიმართება.
- პირველ შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერები, ასევე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიღებენ.
- მეორე შეხვედრა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება და ევროპელ ლიდერებს, ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის შედგება.
11 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ პარასკევს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში წასვლას აპირებს.
„პუტინს ვნახავ. პარასკევს რუსეთში მივდივარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
მანამდე, გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს 15 აგვისტოს ალასკაზე შეხვდება.
ამასთან, BBC წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით საუბრისას, სავარაუდოდ, შეცდომა დაუშვა.