თბილისი (GBC) – თეთრი სახლის ვებგვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა შესაძლოა ჩინური პროდუქციის იმპორტზე ტარიფი 245%-მდე გაზარდოს.

თეთრი სახლი წერს, რომ „განთავისუფლების დღეს“, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააწესა 10%-იანი ტარიფი ყველა ქვეყნისთვის. ასევე ინდივიდუალური, უფრო მაღალი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს აქვს სავაჭრო დეფიციტი.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ 75-ზე მეტი ქვეყანას სურს ვაშინგტონთან ახალი სავაჭრო შეთანხმებების განხილვა, რის შემდეგაც ტრამპმა დროებით შეაჩერა ინდივიდუალური ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებებზე დათანხმდნენ. გამონაკლისი იყო ჩინეთი, რომელმაც საპასუხო ზომები მიიღო.

„ამ ქმედებების შედეგად, ჩინეთს ახლა ემუქრება აშშ-ში იმპორტზე 245%-მდე ტარიფი“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე აშშ-ს ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული.

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელსაც აშშ-მ 10%-იანი დაბეგვრა დაუწესა.