თბილისი (GBC) - სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ გამოცხადებულ 2.7 მლნ ლარის ღირებულების კონსოლიდირებულ ტენდერში ერთადერთი კანდიდატი შპს „გლობალ იმპორტ ჯგუფია“. აღნიშნული კომპანია საჯარო რეესტრში 2022 წლის 29 ნოემბერს დარეგისტრირდა, წინადადებების მიღება კი 30 ნოემბერს 12:30 საათზე დასრულდა. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ტენდერი გულისხმობს, ფეხბურთში უეფას 21–წლამდელთა 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩასატარებლად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო მოედნების გასანათებელი მოწყობილობების შეძენას (სანათები), თანამდევი მომსახურებით.

შპს ,,გლობალ იმპორტ ჯგუფი’’ აღნიშნულ სამუშაოებს 1.9მლნ ლარში შეასრულებს.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

პრეტენდენტის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე ტენდერის ტექნიკურ მოთხოვნებში  ინფორმაცია  არ არის.

კომპანია ,,გლობალ იმპორტ ჯგუფის’’ დირექტორი გიორგი ზაქარიაძეა, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე დავით ჯაფარიძეა.