თბილისი (GBC) – თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის მოქალაქეები მასობრივად მიემგზავრებიან საქართველოში ახალი iPhone–ების შესაძენად. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მაღაზიებთან გრძელი რიგები წარმოიქმნა. თურქეთიდან საქართველოში „სატელეფონო ტურების“ ორგანიზებაც კი დაიწყეს.

საქმე ისაა, რომ საქართველოში გაჯეტები თითქმის ორჯერ იაფია, ვიდრე თურქეთის დახლებზე.

ერთ–ერთმა თურქმა მომხმარებელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბათუმში iPhone 14 Pro 128 GB $1315–ად იყიდა, საბაჟოზე კი დღგ–ის დაბრუნების დოკუმენტაცია გააფორმა და $155 დაუბრუნეს. აღნიშნული მოდელი თურქეთში, მისი თქმით, დაახლოებით $2500 ღირს.

თურქეთის მოქალაქეები კიდევ იმიტომ ჩქარობენ ბათუმში ახალი გაჯეტების შეძენას, რომ 2023 წლიდან მეზობელ ქვეყანაში უცხოეთიდან ჩატანილი ტელეფონის IMEI რეგისტრაციის მოსაკრებელი $300–მდე იზრდება. რეგისტრაციის გარეშე, მობილურ ტელეფონს ქსელზე კავშირი 120 დღის შემდეგ შეუწყდება.