თბილისი (GBC) - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 16.6 მილიონ ლარიან ტენდერში “იუჯითი“ ერთადერთი კანდიდატია.

შესასყიდ საქონელს პრინტერები წარმოადგენს. პრინტერების  საორიენტაციო რაოდენობა კი 9000 ერთეულს შეადგენს.

მოთხოვნილი საქონლის სპეციფიკაცია შემდეგია, პრინტერის მაქსიმალური დატვირთვის ციკლი თვეში უნდა იყოს : არანაკლებ 80000 გვერდი ან მეტი. ასევე შემოთავაზებული სავაჭრო ნიშანი (ბრენდი) საერთაშორისო ბაზარზე უნდა ოპერირებდეს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით პრეტენდენტს 2020 წლიდან  წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების პრინტერების ან/და კარტრიჯების ან/და კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება.

ასევე პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სტანდარტული პრინტერების და ორიგინალი კარტრიჯების მწარმოებელზე გაცემული ISO 9001 და ISO 14001 სერტიფიკატები.

შპს „იუ-ჯი-თი“ დარეგისტრირებულია 1997 წელს. ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიას 500-ზე მეტ ტენდერში აქვს მოპოვებული გამარჯვება. კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 214 მლნ ლარს აღემატება. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 193 მლნ ლარზე მეტია.

კომპანიაზე 838 გამარტივებული შესყიდვა ფიქსირდება, ხელშეკრულებების საერთო ღირებულება კი 90 მლნ ლარს აღწევს.

კომპანიის მფლობელია შპს „იუ-ჯი-თი ჯგუფი“, რომლის მფლობელები არიან:

გრიგოლ ჭირაქაძე - 85%; გურამ ხოჯაშვილი - 5%; გიორგი მაისურაძე - 5%; ერმილე სულაძე - 5%.

კომპანია წილებს ფლობს შემდეგ კომპანიებში: შპს აითი-ნოლიჯი; შპს ჯი-თრასთ; შპს ინფოტური.

2021 წლის ბოლოს კომპანია ასაქმებდა 246 ადამიანს.

2021 წელს კომპანიის ამონაგებმა 164.4 მლნ ლარი შეადგინა, საერთო მოგებამ კი 38.5 მლნ ლარი. საანგარიშო პერიოდში კომპანიის აქტივების რაოდენობამ 95.5 მლნ ლარი, ხოლო კაპიტალმა 37.8 მლნ ლარი შეადგინა.