თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რთველი წელს რეკორდული მოსავლის მოლოდინით ჩატარდება და ხელისუფლება პროცესისთვის, მათ შორის სუბსიდირების მიმართულებით, წინასწარ არის მომზადებული.

მისი თქმით, გასულ წელსაც მაღალი მოსავალი დაფიქსირდა, თუმცა წელს მაჩვენებელი რეკორდული იქნება.

„წინასწარი პროგნოზით, წელს გვექნება რეკორდული მოსავალი, შარშანდელიც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებლით დასრულებული, თუმცა წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი. ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, რთველის ორგანიზებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია.