თბილისი (GBC) – თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ტაქსის ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია სამშაბათს, 29 ნოემბერს გამართა.

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში „ა“ კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი. „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსების ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობის და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

A კატეგორიის ტაქსი არის:

• თეთრი ფერის

• მარცხენასაჭიანი

• აქვს 5 კარი

• მომსახურების გაწევისას იყენებს მანათობელ თეთრ ნიშანს შავი წარწერით „TAXI თბილისი“

• მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული აქვს ტაქსით მომსახურების ნებართვა.

A კატეგორიის ტაქსის პრივილეგიები:

• შეუძლია მგზავრის აყვანა როგორც ქუჩიდან, ასევე ელექტრონული და სატელეფონო საშუალებებით

• სარგებლობს უფასო პარკირებით ტაქსისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილებში

• უფასოდ გადაეცემა ტაქსის მანათობელი ნიშანი

• შემოსავლის მიღების მიზნით, ტაქსიზე განსაზღვრულ ადგილებში შეუძლია რეკლამის განთავსება.