თბილისი (GBC) – „ეს კონფერენცია დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ რეგიონის რეალიები, აზერბაიჯანის გეგმები და ასევე ჩვენი ურთიერთქმედებები მეზობელ სახელმწიფოებთან“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ბაქოში მიმდინარეობს.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციის მთავარი თემა შუა დერეფანია, მისი მონაწილეებით თუ ვიმსჯელებთ, ასევე განიხილება პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები.

ალიევის თქმით, ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების მარშრუტები, რომლებიც უკვე ფუნქციონირებს, კასპიის რეგიონის ქვეყნებს მეტი ინტეგრირების შესაძლებლობას აძლევს. „თურქმენეთთან ჩვენს თანამშრომლობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღეს აზერბაიჯანი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა თურქმენული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, ხოლო პორტში ალიატი ცალკე მონაკვეთი გამოვყავით თურქმენული ტვირთებისათვის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა თურქმენეთთან გაზის სვოპ–ოპერაციები დაიწყო, რაც მნიშვნელოვანია გაზზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის ფონზე.

„ვაგრძელებთ თანამშრომლობას უცხოურ ნავთობკომპანიებთან, ვაპირებთ გაზის მოპოვების გაზრდას მოქმედ და ახალ საბადოებზე, რომლებიც მომავალ წელს გაიხსნება, მათ შორის „აფშერონზე“, – აღნიშნა ალიევმა.