თბილისი (GBC) – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ მწვავე პროტესტი გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მხარემ ღრმა შეშფოთება დააფიქსირა მიმდინარე წლის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. სამოკავშირეო თანამშრომლობის დოკუმენტისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო.

ქართულმა დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის უკანონო ქმედებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს.

შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენლებმა ძირითადი აქცენტი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებასა და დევნილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნებაზე გააკეთეს. გარდა ამისა, მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება და მოითხოვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენა.

უწყების ცნობით, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული დესტრუქციული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა ისევ დატოვეს, როდესაც დღის წესრიგში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხი დადგა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 68-ე რაუნდი მიმდინარე წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტს ვლადიმერ პუტინმა და ალან გაგლოევმა ხელი 2026 წლის 9 მაისს მოაწერეს, რის შემდეგაც, 13 მაისს, რუსეთის დუმამ მისი ნაჩქარევი რატიფიცირება მოახდინა.

აღნიშნულ ნაბიჯებს 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა 135-ე მინისტერიალზე გამოეხმაურა მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ კრემლი კვლავ უგულებელყოფს საერთაშორისო ვალდებულებებს და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ.

ე.წ. შეთანხმების გაფორმებიდან მალევე, 23 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. მანამდე პოსტი დატოვა ე.წ. პრემიერ-მინისტრმაც, რომლის ნაცვლადაც კრემლმა ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი მარატ კამბოლოვი დანიშნა, რაც ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, რეგიონზე მოსკოვის პირდაპირი მმართველობის გაძლიერების მცდელობაა.