თბილისი (GBC) – მთავრობის ადმინისტრაციაში ორშაბათს გამართულ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და „ნენსკრა–ჰესის“ ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პარკ ჯე-ჰიონმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს  ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, "ნენსკრა-ჰესი" მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს ჰესის მშენებლობა და პროექტი დროულად დასრულდეს.

"ნენსკრა-ჰესი" ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სვანეთის რეგიონში 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1 მლრდ 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

შეხვედრას ესწრებოდნენ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იმ დონ ოპი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

ნენსკრა ჰესის მშენებლობის პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. თავდაპირველი გეგმის თანახმად, მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, ხოლო ელენერგია მანამდე, 2019 წლიდან უნდა გამოემუშავებინა. „ნენსკრა ჰიდროს“ აქციების 90%-ს კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water, 10%-ს კი საპარტნიორო ფონდი ფლობს.