თბილისი (GBC) – თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება აქვს. კონკურსანტს, ასევე, მსგავსი მომსახურების გამოცდილებაც უნდა გააჩნდეს. 

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილებაც.

ღია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტს  უნდა  ჰყავდეს  თანამშრომელი,  რომელსაც  გააჩნია  არქიტექტორად  მუშაობის  10  წლიანი გამოცდილება და დაპროექტებული ექნება მინიმუმ ერთ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა.

მოსამზადებელი პროექტი მოიცავს აეროპორტის კონცეპტუალურ და სქემატურ დიზაინს. მომწოდებელმა უნდა მოამზადოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის გეგმარების კონცეპტუალური პროექტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტების მომზადებას. 

მათ შორის: შენობების ექსტერიერის დიზაინს მინიმუმ სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცით დაგეგმარებას; შენობების ინტერიერის სქემატურ დიზაინს;  შენობების ინტერიერის, ექსტერიერის, ლანდშაფტის რენდერებს და ა.შ.

კონკურსის დეტალური პირობების, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 22 დეკემბერი.