თბილისი (GBC) – TBC Capital-ის გათვლებით, ტურიზმის შემოსავლებში მიგრანტების წილი დაახლოებით 35%-ის ფარგლებშია. კერძოდ, კვლევითი ორგანიზაცია ელის რომ მიმდინარე წელს ტურიზმის შემოსავლები პანდემიამდელ პერიოდს - 2019 წელს 5%-ით გადააჭარბებს, თუმცა მიგრაციის ეფექტის გამოკლებით აღდგენის დინამიკა 70% იქნება. 

რაც შეეხება მომდევნო წელს, კაპიტალში ელიან რომ 2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებელს 30%-ით გადააჭარბებს და აქედან მიგრაციის ეფექტი 25% იქნება.

რაც შეეხება თავად მიგრანტებს მათი რაოდენობა 115 ათასს აჭარბებს რაც საქართველოს მოსახლეობის 3%-ის ტოლფასია. მიგრანტების 70% თბილისში დასახლდა, 25% კი ბათუმში. მათი 59% ტექ მიმართულებაშია დასაქმებული. საშუალო ოჯახის შემოსავალი კი თვეში 2600 დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ქართული ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი ექვსჯერ ნაკლებია. 2021 წელს საქართველოში მხოლოდ 82 ათას ადამიანს ჰქონდა 1300 დოლარზე მაღალი ანაზღაურება.

მიუხედავად აღდგენის დინამიკისა, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით დიდი სასტუმროების ფასი კვლავ ჩამორჩება 2019 წლის მონაცემს და ის საშუალოდ ღამეში 110 დოლარს შეადგენს. ეს თანხა კი 2023-ში 124 დოლარამდე გაიზრდება.