თბილისი (GBC) – თურქულმა ლირამ სამშაბათს ახალი რეკორდი მოხსნა და დოლართან წყვილში 20,22–მდე გაუფასურდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს. 

დილის ვაჭრობაზე თურქულმა ლირამ 0,6% დაკარგა  ორშაბათის სესიის დახურვის მაჩვენებელთან შედარებით. გუშინდელი სესია ყველაზე უარესი იყო თურქული ვალუტისთვის ბოლო 7 თვის განმავლობაში.

წლის დასაწყისიდან ლირა 7,3%–ით არის გაუფასურებული, ბოლო 10 წლის განმავლობაში კი 90%–ზე მეტს კარგავს.

სამაგიეროდ, პირველი იანვრიდან დოლართან წყვილში 4,3%–ით არის გამყარებული ქართული ლარი, რომელიც სამშაბათის სესიაზე, თბილისის დროით 11:00 საათისთვის 0,1%–იან გამყარებას აჩვენებს. ამ მომენტისთვის $1–ის ფასი 2,5825 ლარია.