თბილისი (GBC) – რუსეთში ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი კომპანიების შემოსავალი იანვარ–სექტემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%–ით დავარდა. ამის შესახებ The Moscow Times რუსეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვაზე დაყრდნობით წერს.

„ამის მიზეზი გახდა საფასო კონიუნქტურის გაუარესება და ნავთობის ექსპორტის შემცირება სანქციების, ასევე ლოგისტიკის ჯაჭვების და ფინანსური ნაკადების ცვლილების ფონზე“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ცენტრალურ ბანკში ამბობენ, რომ „ტრანსნეფტის“ ხაზით ნავთობის ექსპორტი პირველ 9 თვეში 8%–ით შემცირდა, ხოლო URAL-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი 26%–ით დავარდა.

„ზედა საფასო ზღვრის დაწესების შემდეგ დაჩქარდა საექსპორტო ლოგისტიკის გადამისამართება აზიისა და აფრიკის მიმართულებებით, რამაც ექსპორტი გააძვირა. გარდა ამისა, ნარჩუნდება მეორეული სანქციების დაწესების რისკი, რომელიც ნავთობის სექტორის მუშაობაზე აისახება“, – განაცხადეს რუსეთის ცენტრალურ ბანკში.