თბილისი (GBC) – 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, აშშ-ის შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი X-ზე წერს.

მისი თქმით, შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულების მისიის ფარგლებში იმართება. დისკუსიები ფოკუსირებული იქნება ომის შემდგომ უსაფრთხოების შეთანხმებებზე, დეესკალაციაზე, ჰუმანიტარულ ღონისძიებებსა და მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.

გარდა ამისა, უიტკოფმა დააანონსა ამერიკელი მომლაპარაკებლების შეხვედრა: საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებთან, რომელიც ამ კვირაში ბრიუსელში გაიმართება. მხარეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ევროპის ომის შემდგომ უსაფრთხოების არქიტექტურასა და უკრაინის აღდგენის ეკონომიკურ შესაძლებლობებს განიხილავენ.

„ვიმედოვნებთ, განვავითარებთ იმ პროგრესს, რომელსაც კიევში, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში მივაღწიეთ და მივუახლოვდებით ყოვლისმომცველ, გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას“, - აღნიშნა უიტკოფმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების საკითხზე ტექნიკური გუნდების სამმხრივი შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმებოდა.

ოსლოში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ტერიტორიული და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, უიტკოფი სანქტ-პეტერბურგსაც ეწვია და ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ზელენსკის თქმით, იგი ასევე მზადაა სტამბოლში პუტინთან და ტრამპთან შესახვედრად.