თბილისი (GBC) – რუსეთის ძალებმა 1-2 ივნისის ღამეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რამაც შენობის ნაწილი ჩამოანგრია. მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი.
„დედაქალაქში 58 დაშავებულია. მათგან 40, მათ შორის ორი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხი ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა კლიჩკომ.
მერის ინფორმაციით, ხანძრები გაჩნდა პოდოლისა და ობოლონის რაიონებში. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, დაიწვა ავტომობილები, ხოლო რაკეტების ნამსხვრევები საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჩამოვარდა.
თვითმხილველების ცნობით, ქალაქის თავზე ღამით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა და ცაში კვამლის დიდი სვეტი ჩანდა. საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ ათასობით მცხოვრებმა თავი მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს შეაფარა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი იერიშის შესაძლო მომზადების შესახებ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
Reuters-ის ცნობით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეტევა ბოლო პერიოდში და მას წინ უძღოდა მოსკოვის გაფრთხილებები „სისტემური დარტყმების“ შესახებ უკრაინის სამხედრო და სამეთაურო ობიექტებზე.
კრემლმა გასულ კვირას განაცხადა, რომ გააძლიერებდა დარტყმებს კიევზე მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონებით განხორციელებულ თავდასხმაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში 21 ადამიანი დაიღუპა. კიევი ამ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.