თბილისი (GBC) - უკრაინული მხარე აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების (უკრაინა, აშშ, რუსეთი) სულ მცირე ერთი კვირით ადრე გადმოტანას ცდილობს. ამის შესახებ გამოცემა უკრაინსკაია პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრის ახალი რაუნდი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, ორიენტირებულად 10 ნოემბრიდან იგეგმება. თუმცა, კიევი და ვაშინგტონი მოსკოვის დაყოლიებას შეხვედრის უფრო ადრე გამართვაზე ცდილობენ. ზელენსკის გუნდის წარმომადგენლის განმარტებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინისთვის დრო კრიტიკულია: „როდესაც არ გაქვს შუქი, წყალი ან გათბობა, ყველა დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“.

კიევი დაჟინებით ითხოვს პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლის ჩართვას, რასაც რუსული მხარე ეწინააღმდეგება. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის მხრიდან სავარაუდო წარმომადგენლად ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის აპარატის ხელმძღვანელი ბიორნ ზაიბერტი მოიაზრება.

უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები არა კონკრეტული სოფლების კუთვნილებაზე, არამედ ომის შემდგომი უსაფრთხოების საერთო მოდელზე უნდა დაიწყოს.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სურათი იმისა, თუ როგორ გამოიყურება სამყაროს ეს ნაწილი, როგორ დაიცავენ უკრაინას და როგორი იქნება თანამშრომლობა ნატოსთან. უბრალოდ ტრამპის დაპირებებზე დაყრდნობით, უკრაინაში არაფერი გაკეთდება“, - აცხადებს წყარო ბანკოვადან.

კიევში პირველი შეხვედრიდან გარღვევას არ ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ რეალური შეთანხმებების მისაღწევად მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გახდება საჭირო.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ უკრაინა არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდება არმიის რაოდენობის შეზღუდვასა და ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, მოსკოვი სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას 4 ნოემბრის შემდეგ გამოთქვამს. შეხვედრის ალტერნატიულ ადგილად აბუ-დაბის გარდა შვეიცარიაც განიხილება.