თბილისი (GBC) – პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პროგნოზით, მოლაპარაკებები უკრაინა-აშშ-რუსეთის ფორმატში უახლოეს კვირებში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა. 

„ახლა ბურთი აშშ-ისა და რუსეთის მხარესაა. მე ძალიან მადლობელი ვარ ამერიკის იმისთვის, რომ ისინი აგრძელებენ ამ ფორმატს და, ღმერთმა ქნას, უახლოეს კვირებში ეს შესაძლებლობა გვქონდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინელები მზად არიან შეხვედრებისთვის „ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ადგილას, რუსეთისა და ბელარუსის გარდა“, თუმცა ამჟამად სამმხრივი შეხვედრა გადადებულია იმის გამო, რომ „აშშ-ის ფოკუსი დღეს ირანზეა მიმართული“.

„სამმხრივი შეხვედრა შედგება მაშინ, როდესაც ორივე მხარე – რუსეთიც და ამერიკაც - შეძლებს ჩვენთან შეხვედრას. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ დღეისათვის ამერიკამ შესთავაზა შეხვედრა აშშ-ში, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. რუსეთმა კი განაცხადა, რომ ამერიკაში არ ხვდება. რუსეთმა თურქეთი ან შვეიცარია შემოგვთავაზა (ზუსტად აღარ მახსოვს, რადგან სამი კვირა გავიდა). ამერიკამ თქვა, რომ ამჟამად მოლაპარაკებების ჯგუფი აშშ-ის ფარგლებს გარეთ არ გადის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ კიევი მზად არის მხარი დაუჭიროს შეხვედრას „აშშ-შიც, შვეიცარიაშიც, თურქეთშიც და ყველგან, სადაც პარტნიორები იქნებიან მზად“. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, თითქოს სიტუაცია ახლა ჩიხშია შესული.

„რუსეთი დანებდეს, ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ უნდა მოვაწყოთ სამმხრივი შეხვედრა და დიპლომატიური გზით წინ წავიდეთ. იმისთვის კი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერები ვიყოთ, საჭიროა ძლიერები ვიყოთ ბრძოლის ველზე. მადლობელი ვარ შეიარაღებული ძალების, რომ დღეს ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში“, - თქვა პრეზიდენტმა.