თბილისი (GBC) - უკრაინა რუსეთის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე წნეხს აძლიერებს - ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიევმა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მესამედ დაარტყა. გამოცემა POLITICO ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დრონებით განხორციელებულმა იერიშმა ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რის გამოც საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ქალაქში, სადაც წინა თავდასხმების შემდეგ გარემოსდაცვითი საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, ტუაფსეს მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში კიდევ ერთი ძლიერი ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.
„მტრის დრონების თავდასხმის შემდეგ, ტუაფსეში კიდევ ერთი სერიოზული საგანგებო მდგომარეობაა; ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ამჟამად მიმდინარეობს ქარხნის მახლობლად მდებარე სახლების მცხოვრებთა ევაკუაცია მათივე უსაფრთხოების მიზნით“, - ნათქვამია რეგიონის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სამშაბათს დაადასტურა თავდასხმა ტუაფსეზე და განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჩართულია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არმიის მომარაგების ჯაჭვში.
უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ მიანიშნა, რომ ეს მხოლოდ მორიგი თავდასხმა იყო. „ტუაფსე 3.0. „ზაზუნას დღის“ (Groundhog Day) რიმეიქი. „შავი ოქროს“ რეგულარული თერმული უტილიზაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, თვითაალებამ გამოიწვია“, - დაწერა ბროვდიმ სამშაბათს Facebook-ზე.
უკრაინა აპრილის შუა რიცხვებიდან სისტემატურად უტევს ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს. 20 აპრილის თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებას ცეცხლის ჩასაქრობად ოთხი დღე დასჭირდა. ადგილობრივები სოციალურ ქსელებში გარემოსდაცვით კატასტროფაზე ჩიოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ქალაქში „შავი წვიმა“ მოდიოდა.
ტუაფსეზე მესამე თავდასხმის წინა დღეს, მერმა სერგეი ბოიკომ განაცხადა, რომ ადგილობრივი კომუნალური სამსახურის თანამშრომლები ქალაქსა და პორტს ნავთობპროდუქტებისგან ჯერ კიდევ ასუფთავებდნენ. მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევის ძალებმა უნდა განაგრძონ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა, რათა გადაუჭრან რუსეთს ომის დაფინანსების მთავარი წყარო.
რუსული ძალები ასევე რეგულარულად უტევენ უკრაინის ელექტროსადგურებსა და პორტებს ოდესაში. კრემლის ბოლო თავდასხმამ, რომელიც ორშაბათს განხორციელდა, შავ ზღვაში 6 000 ტონა მზესუმზირას ზეთის დაღვრა გამოიწვია.