თბილისი (GBC) – ევროკავშირის საბჭომ 23 აპრილს, წერილობითი პროცედურით, დაამტკიცა ცვლილებები ევროკავშირის 2021–2027 წლების ბიუჯეტში, რაც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, საბჭომ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
23 აპრილს, დილით, ევროკავშირის საბჭოში დასრულდა წერილობითი პროცედურა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფისა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის მისაღებად.
ევროკავშირის გრძელვადიან ფინანსურ ჩარჩოში ცვლილებების შეტანამ მოხსნა ბოლო იურიდიული ბარიერი უკრაინისთვის მიმდინარე და მომავალი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მისაწოდებლად.
ევროკავშირის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-20 პაკეტი დამტკიცდა იმ სახით, როგორითაც ის ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში შეთანხმდა - კერძოდ, როგორც „ევროპრავდასთვის“ უკვე ცნობილია, რუსული ტანკერებისთვის საზღვაო მომსახურებაზე სრული აკრძალვის (ბანის) გარეშე.
აღნიშნული ორი გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა უნგრეთისა და სლოვაკეთის ტერიტორიაზე ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის ფიზიკური შესვლა, რის შემდეგაც ორივე ქვეყანამ ხელი მოაწერა დოკუმენტებს.
მანამდე უკრაინული მედია იტყობინებოდა, რომ ევროკავშირი გეგმავდა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის პირველი ტრანშის მიწოდებას 2026 წლის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ წინა დღით მიესალმა 90 მილიარდი ევროს კრედიტისა და სანქციების მე-20 პაკეტის მიღების პროცედურის განბლოკვას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოელის შეთანხმებების ოპერატიულ შესრულებას.