თბილისი (GBC) - "ბრიტანულ–ქართული აკადემიისა" და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის" მიმდინარე სამართლებრივი და ქონებრივი დავა კიდევ უფრო გამწვავდა. ამის შესახებ დღეს, 24 თებერვალს, პრესკონფერენცია გამართა აკადემიის დამფუძნებლის და აქციონერის ნათია ჯანაშიას სამართლებრივმა წარმომადგენელმა იმედა დვალიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი კომპანიის „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წარმომადგენლები, 22 თებერვალს, დილიდან ცდილობდნენ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ტერიტორიაზე შეჭრას, ხელს უშლიდნენ სასწავლო პროცესს და არ ემორჩილებოდნენ დაცვის სამსახურის მოთხოვნებს.
მისივე თქმით, ინვესტორის წარმომადგენლები საჯარო რეესტრის მიერ 21 თებერვალს რეგისტრაციაში გატარებულ პარტნიორთა კრების ოქმს იშველიებდნენ, რომლის მიხედვითაც, სკოლის მოქმედი დირექტორი ნათია ჯანაშია შეიცვალა და ახალი დაინიშნა. იმავე დღეს, პოლიციამ სკოლის დაცვის თანამშრომლები გამოკითხა. უკვე 23 თებერვალს, სკოლის პერიმეტრი ინვესტორის ახალი დირექტორის დაქვემდებარებულმა დაცვის სამსახურმა დაიკავა და „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია.
ინფორმაციისთვის, 13 თებერვალს, საჯარო რეესტრმა შეაჩერა „საქართველოს კაპიტალის“ უფლებამონაცვლე შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ 12 თებერვალს წარდგენილი განცხადება ახალი დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომლის პროცედურაც რეესტრის მტკიცებით, წესების დარღვევით წარიმართა. შესაბამისად, არშემდგარ კრებაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ვერ დააკმაყოფილა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. 13 თებერვლიდან დღემდე საჯარო რეესტრმა რამდენჯერმე არ დაარეგისტრირა კრების ოქმი, თუმცა 21 თებერვალს ეს მაინც მოახერხა.
GBC დაუკავშირდა საჯარო რეესტრის პრეს–სამსახურს, იმის დასადგენად, თუ რატომ მოხდა მანამდე წუნდებული კრების ოქმის დარეგისტრირება. დეტალური ინფორმაცია GBC-ს არ მიუღია.
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ 2006 წელს დააფუძნეს ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ დავით ცეცხლაძემ. 2011 წელს მათ მეორე სკოლაც დააარსეს – „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა“ (BIST). ორივე კომპანია განათლების მაღალი ხარისხით გამოირჩევა და იყენებს კემბრიჯის პროგრამებს. ორივე ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლების საბჭოს წევრია (COBIS), სადაც BIST სრულ აკრედიტაციას ფლობს. 2018-2019 წლებში ნათია ჯანაშიას „საქართველოს კაპიტალის“ წარმომადგენელმა ირაკლი გილაურმა კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების და გაფართოების დაფინანსების წინადადებით მიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმი 2019 წლის 6 მაისს, ხოლო იმავე თვის ბოლოს ხელშეკრულებაც გაფორმდა.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ინვესტორ კომპანიას თავისი ვალდებულებები საერთოდ არ შეუსრულებია და მისი მხრიდან სკოლის განვითარებაში ინვესტირება დღემდე ნულოვანია.