თბილისი (GBC) - დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან, 45 დღით დაიკეტება. მისივე თქმით, მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რა დროსაც მგზავრთა გადაადგილება ტექნიკურად შეუძლებელი იქნება.

„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45 დღით დაიკეტოს“, - თქვა კალაძემ.

მერის თქმით, პროექტი შპს „პრობილდ ექსპერტმა“ მოამზადა უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით. სადგურის ჭერზე აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟის შემდეგ საჭირო გახდა რკინა-ბეტონის თაღის მდგრადობის დამატებითი კვლევები. კვლევები ჩატარდა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს რეკომენდაციით.

"მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში, დამატებით განხორციელდა: მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა; თაღის მიღმა სივრცეების სრული გეო-ტექნიკური სკანირება; საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების მდგომარეობის შესწავლა და სხვა; კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება; თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისათვის. დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების რეაბილიტაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.

„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით. შემდეგ გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა, რომ სადგური 45 დღით იყოს დაკეტილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.

ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე ₾13.4 მლნ-ის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა. პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს, რომელმაც საესკალატორო გვირაბის და მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის თაღზე აზბესტ/ცემენტის ფილები ჩამოხსნა. გაირკვა, რომ არსებული მდგომარეობის გამო საჭირო იყო იმ პროექტის განახლება, რომელზე დაყრდნობითაც უნდა განახლებულიყო სადგური. 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2024 წლის 2 დეკემბერს აცნობა, რომ მათ დასკვნის მხოლოდ ნაწილის მომზადება შეეძლოთ, რადგან: „რამდენიმე საკითხზე მსჯელობა ბიუროს ამ ეტაპზე არ შეუძლია შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობების არქონის გამო“. სწორედ ამის გამო შეარჩია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ბელარუსული შპს „პრობილდ ექსპერტი“ და მასთან 382 065 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადო.