თბილისი (GBC) – Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისის გავლით ევროპაში ტრანზიტული ავიარეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ RTVY–ს ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა უთხრა, წერს რუსული გამოცემა RBC.RU.

ფრენები ევროპის ხუთი ქალაქის მიმართულებით შესრულდება: ვენა, ლარნაკა, მილანი, პარიზი და სალონიკი. ავიარეისების შესრულებას კომპანია 15 ივნისიდან იწყებს.

„ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. ვფიქრობ, საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისის გავლით მოსახერხებელი და უფრო სწრაფი იქნება მგზავრობა, ვიდრე სხვა მიმართულებებიდან“, – აღნიშნა გაიაშვილმა.

მისი თქმით, Georgian Airways–ში იმედოვნებენ, რომ საქართველო–რუსეთს შორის მგზავრთნაკადი თანდათანობით აღდგება.

პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისში აიკრძალა, ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ. მიმდინარე წლის 10 მაისს კი იგივე პუტინმა განკარგულება გასცა ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.