თბილისი (GBC) – "ინვესტორი ხედავს ფულს და არა განათლებას", "BGA ოკუპირებულია", "იყიდეს სკოლა, გაყიდეს განათლება", "ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სულგაყიდულების ადგილი არ არის" – ბანერებზე ამ წარწერებით, ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულებმა დღეს დილით, 8:00 საათზე, სკოლის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართეს. კურსდამთავრებულებს დაუშვებლად მიაჩნიათ „საეჭვო იურიდიული პროცედურების მეშვეობით სკოლის დირექტორის თანამდებობიდან მისი დამფუძნებლის და პარტნიორის ნათია ჯანაშიას გადაყენება“, ვინაიდან, სწორედ ნათია ჯანაშიას შექმნილია ბრიტანულ–ქართული აკადემია, რომელსაც იგი 19 წლის განმავლობაში ავითარებდა. 

აქციის მონაწილეთა თქმით, ნათია ჯანაშიას მენეჯმენტის ქვეშ აშენებულმა და განვითარებულმა სკოლამ მათ საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა და არ სურთ, რომ მათ უმცროს თანასკოლელებს ეს პერსპექტივა წაართვან.

სკოლის კურსდამთავრებულები ინვესტორ კომპანიას და მის დირექტორის ირაკლი გილაურს სკოლისადმი არასწორ მიდგომაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ გილაური ბრიტანულ–ქართულ აკადემიას რიგით ბიზნესად აღიქვამს და არა სკოლად, სადაც მოსწავლეებმა განვითარებული სამყაროს სტანდარტების შესაბამისი განათლება უნდა მიიღონ.

ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მიჩიგანის უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ცეცხლაძე GBC-სთან ამბობს: "ჩვენ ვაპროტესტებთ სკოლის არალეგალურ ოკუპაციას გიორგი კეთილაძის, ირაკლი გილაურის და ლევან დადიანის ამ ქმედებებს, რომლებიც სკოლაში შეიჭრნენ ერთი კვირის წინ, თან ისე, რომ დაცვის სამი თანამშრომელი დააშინეს, სახლებიდან წაიყვანეს პოლიციაში, პოლიციამ მათ მოსთხოვა სასწრაფოდ დაერეკათ დაცვის სხვა თანამშრომლებისთვის, რათა დაეტოვებინათ სკოლა და შეეშვათ "საქართველოს კაპიტალის" ახალი, უცნობი ე.წ. დაცვა. ისინი ბოლო ერთი კვირაა სკოლაში არიან არალეგალურად“.

ლუკა ცეცხლაძის თქმით, გიორგი კეთილაძე გახდა სკოლის „თვითმარქვია დირექტორი“.

„სკოლაში არის არეულობა. ამ სკოლამ ძალიან დიდი სიკეთე გააკეთა ჩემთვის, ახლა მე ვსწავლობ ამერიკაში, ხუთი დღის წინ ჩამოვედი საქართველოში, როცა ეს ამბავი გავიგე. ამ სკოლის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარეშე, მე არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ. ჩემი მოლოდინი არის, რომ იმედია ხალხი შემოგვიერთდება, ეს რაც ხდება არის უდიდესი უსამართლობა, ამ მოქმედებით ბაღის ბავშვებიც შეაშინეს და ძალიან გვინდა, რომ საბოლოოდ ეს ამბავი დასრულდეს ისე, როგორც დასრულდებოდა დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში", - აღნიშნა ლუკა ცეცხლაძე.

აქციის მონაწილეები თავის განცხადებაში ირაკლი გილაურს „ბრიტანულ–ქართული აკადემიის ოკუპანტად“ მოიხსენიებენ და მოუწოდებენ მას, შეწყვიტოს სკოლის და უშუალოდ ნათია ჯანაშიას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ურჩევენ, ახლა მაინც შეასრულოს სკოლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.