თბილისი(GBC) - მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საბაჟო დეპარტამენტის  მიერ, სხვადასხვა სახის ქართული ხილისა და თხილის (საერთო წონით 66 547 ტონა) ექსპორტზე გატანის მიზნით, ექსპორტიორი კომპანიებისთვის 3 906  წარმოშობის სერტიფიკატია (CT1; EUR.1; არაპრეფერენციული)  გაცემული.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლიდან, ფუნქციონირებს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1) გაცემის განახლებული ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც სერტიფიკატების გაცემის პროცესი კიდევ უფრო მოქნილია, როგორც ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.

აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, დაინტერესებული კომპანიები, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის გვერდიდან - www.rs.ge არეგისტრირებენ ელექტრონულ განაცხადს და თავადვე ავსებენ წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას. ამასთან, ახალ პროგრამაში ინტეგრირებულია სასურველი ფაილების კოპირების ფუნქცია, ასევე საქონლის მონაცემების Excel-ის ფორმატში ატვირთვის შესაძლებლობა და სხვა სასურველი პროცედურები, რაც მნიშვნელოვნად უმარტივებს გადამხდელებს განაცხადის შევსების პროცესს.

გადასახადის გადამხდელის მიერ, რეგისტრირებული განაცხადი ავტომატურად გადაეწერება საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თავისუფალ ოპერატორს, რომელიც მაშინვე არეგისტრირებს წარმოშობის სერტიფიკატს.

უკვე რეგისტრირებული დოკუმენტის დაბეჭდვა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში (ტვირთის ქვეყნიდან გატანისას-საზღვრის კვეთის დროს და არ არის აუცილებელი, დამატებით მისვლა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში) ან გაფორმების საბაჟო ორგანოში. ამასთან, ელექტრონულ სისტემაში, ინტეგრირებულია რისკის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც შესაძლებელია (ადმინისტრაციული რესურსისა და დროის დაზოგვის პირობებში), საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის წარმოშობის ეფექტური კონტროლის განხორციელება.

ექსპორტის ხელშეწყობის და პროცედურების გამარტივების მიზნით, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის აღება, შესაძლებელია, უშუალოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისას, შესაბამის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტვირთის წარდგენის დროს.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატების 

CT 1- ისა და EUR. 1-ის არსებობის შემთხვევაში, პროდუქცია იმპორტიორი ქვეყნების მიერ, საბაჟო გადასახადებისგან სრულად თავისუფლდება.

ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი იხილეთ ბმული: 

https://rs.ge/LegalEntityOriginRegimesTreaties?cat=3&tab=2