თბილისი (GBC) – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სხვადასხვა სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, რვა მოვაჭრესთან, მაისში, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა.

სააგენტოსა და მოვაჭრეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს - შპს „ექსელ ელექტრონიქსს", შპს „აითრეიდერის", შპს „Delfos Group"-ს, შპს „აისტაილის", შპს „სელენე"-ს, შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას",  შპს „ნიუ_ოპტიკა + - 20"-ს და მოვაჭრე ელზა წულაიას დაევალათ:

- გამოასწორონ კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ;

- მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდონ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;

- უზრუნველყონ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;

- ჩამოაყალიბონ კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;

- შეიმუშაონ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი და ა.შ.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეებს განესაზღვრათ კონკრეტული ვადა - სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად.

ინფორმაციისთვის:  2024 წლის იანვარი - აპრილის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა.სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი.