თბილისი (GBC) – პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება. ეს ამ ქარხნის მშენებლობის მესამე ცდაა 2012 წლის შემდეგ. პირველი მცდელობა აზერბაიჯანულ SOCAR-ს ჰქონდა, მეორედ მთავრობამ ქარხნის მშენებლობა „ფაზის ოილს“ მიანდო, რომელმაც 7 წელი მოანდომა მის არაშენებას და ახლა პროექტის რეალიზაცია ბიზნესმენ მაკა ასათიანის შპს „ბლექ სი პეტროლიუმმა“ ითავა.
კერძოდ, ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ კი პროექტის რიგით მესამე ინვესტორია, რომელმაც ადგილზე $30 მლნ–ის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, დოკუმენტაციის მიხედვით, 599970 კვადრატული მეტრი მიწა უკვე შპს „ბლექ სი პეტროლიუმ“-ის საკუთრებაა და ამ ტერიტორიაზე წარსულში გაცემულია დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ანალოგიური ტიპის საქმიანობაზე. ქარხნის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების საერთო ხანგრძლივობა 3-4 წელია. მშენებლობის ეტაპზე კი დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება.
ნედლი ნავთობის გადამმუშავებელი ქარხნის საპროექტო წარმადობა პირველ ეტაპზე შეადგენს 1121 ათას ტონას წელიწადში, რისთვისაც მოეწყობა 89000 კუბურ მეტრიანი სარეზერვუარო პარკი. მომავალში კომპანიას დაგეგმილი აქვს სარეზერვუარო პარკის და გადამმუშავებელი ქარხნის წარმადობის ზრდა, რაც შეადგენს 2 921 000 ტონას, ხოლო სარეზერვუარო პარკების მთლიანი მოცულობა გაიზრდება და იქნება 440200 კუბური მეტრი ნედლი ნავთობი.
ბიზნესრეესტრის თანახმად, შპს “ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ვახტანგ ჩახნაშვილია, ხოლო დირექტორი - მიხეილ ჭკუასელი. შპს “ბლექ სი პეტროლიუმ"-ში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 10%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის, 20% კი შპს "თრეიდ სთოუნ იბერია"-ს.
შეგახსენებთ, ყულევის თიზ-ში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-თან გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება, თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა. ამის შემდეგ პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა და 2023 წელს პროექტი შპს “ბლექ სი პეტროლიუმს” გადააბარა. აღსანიშნავია, რომ "ფაზის ოილი", რომელმაც ყულევში ნავთობგადამმუშავებელი საწარმო 7 წელი ვერ ააშენა, სახელმწიფომ დააჯარიმა, თუმცა მოგვიანებით, 20 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა ჩამოაწერა.