თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, ბათუმში 2025 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 14.9%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 21.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბათუმში 2025 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16.5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,292 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 5.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, მიმდინარე წლის ოქტომბერში ორ მსხვილ პროექტში ერთიანად დარეგისტრირდა წლების განმავლობაში გაყიდული ბინები (125-მდე ტრანზაქცია), რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 9.4%-ით მოიმატა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.

2025 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა და 1 625 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 26.9%-ით $100 მლნ-მდე გაიზარდა.