თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ განაცხადა, რომ საქართველო-რუმინეთის ერთობლივი საწარმოს მიერ ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ მხარდაჭერა გამოუცხადა. მისივე თქმით, ამან "დიდი როლი ითამაშა შემდგომი გადაწყვეტილების მიღებაში". თუმცა, ფხალაძის ინფორმაციით, სანამ აღნიშნულ პროექტს საერთო ინტერესების პროექტების ნუსხაში შეიტანდნენ, დეტალურად შეისწავლეს ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა. დოკუმენტმა აჩვენა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება მიზანშეწონილია.
ფხალაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის შესწავლის პროცესი - საუბარია გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ კვლევებზე, რისთვისაც შავი ზღვის აკვატორიაში სპეციალური გემები უნდა შემოვიდნენ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ მოქცევა ლიცენზიების ძალიან შეღავათიანი პირობებით აღებას და პროექტის სწრაფად განვითარებას ნიშნავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს პროექტით ინვესტორების დაინტერესებას.
„აღნიშნული პროექტი გულისხმობს ინვესტიციას, რომელიც €3,5 მლრდ-ს ტოლფასია. შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება მერყეობს 30-დან 50%-მდე. ხანდახან 75%-ის ოდენობითაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. ძალიან სერიოზული ევროპელი და აზიელი ინვესტორები უკვე მოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ ამ პროექტში მონაწილეობის დიდი ინტერესი აქვთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ფხალაძის განცხადებით, "ოცნება", ენერგეტიკული სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურად მუშაობს 10-წლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უნდა აშენდეს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები, მათ შორის, ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის სადგურები.
„ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ჰესების მშენებლობას, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოხმარებას, თითქმის გაანულებს იმპორტის საჭიროებას და გაზრდის ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის მეშვეობით", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის მოდერნიზაცია და გაფართოება.
„ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი იმისთვის, რომ მოხდეს ქსელის აღდგენა და გაფართოება. ელექტროენერგეტიკულ ქსელს უნდა შეეძლოს ახალი გენერაციის მიღება და გატარება, რომელიც, მაგალითად, უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში შეემატება ქვეყანას. ჩვენ ვამუშავებთ გეგმებს, რომლებიც ითვალისწინებს ქსელის გაფართოებას, გარემონტებას, ასევე იმ ლიცენზიებისა და მემორანდუმების დახვეწას, რომლებიც სინქრონულად ოპერირების წარმართვისთვის არის მნიშვნელოვანი" - განმარტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროში მუშავდება, პირდაპირ მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისკენ და იმ მიზნებისკენ, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია როგორც მეზობელი, ისე ევროპული ქვეყნების ბაზრებთან ელექტროენერგიით ძალიან გამართულ, წარმატებულ ვაჭრობაში.