თბილისი (GBC) – საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტის“ ფასადიდან აივნისა და ვიტრაჟის მინების ჩამოვარდნის 20–მდე ფაქტია დაფიქსირებული მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანია „მაქრო კონსტრაქშენმა“ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქ. #22–ში მდებარე ობიექტი 2016 წელს ექსპლუატაციაში ჩააბარა. 

კომპლექსი 4 მრავალსართულიანი კორპუსისგან შედგება და 350–ზე მეტ ბინას მოიცავს.

„სამშენებლო კომპანიამ ბევრი გარანტირებული დაპირება არ შეასრულა, მაგრამ მინების მასობრივი ცვენა  – ყველაზე საშიშია, – ამბობს კომპლექსში მცხოვრები დავითი. – მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით ადამიანები არ დაშავებულან, თუმცა ბევრი ავტომობილი დაზიანდა, რაზეც პოლიცია გამოძიებას ატარებს“.

მისი თქმით, მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისში სამი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს სამშენებლო კომპანიას და მოუწოდეს ისეთი დეფექტების აღმოფხვრა, რომლებიც საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. კომპლექსის მოსახლეობა ადასტურებს, რომ „მაქრო კონსტრაქშენმა“ ერთხელ სცადა მინების გამაგრება, მაგრამ ამით სათანადო ეფექტი ვერ მიიღეს – მინები ისევ ცვივა.

„სახლში შესვლის და გამოსვლის გვეშინია, რომ ჩვენ, ჩვენ შვილებს თავში მინა არ დაგვეცეს, – ამბობს კომპლექსის კიდევ ერთი მცხოვრები მიხეილი. – აქ შემოსახლების შემდეგ ბევრი დარღვევა აღმოვაჩინეთ. ბევრ ბინაში კაფელი ჩამოცვივდა, ფუჭდებოდა სავენტილაციო სისტემები და ა.შ. მაგრამ მინების ცვენა – ეს უბრალოდ შენელებული მოქმედების ნაღმზე ცხოვრების ტოლფასია“.

„მწვანე ბუდაპეშტის“ მცხოვრებლებმა კომპანია „მაქრო კონსტრაქშენს“ ივნისში ისევ მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

GBC–ს რედაქცია მზადყოფნას გამოთქვამს, გამოაქვეყნოს ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია „მაქრო კონსტრაქშენის“ პოზიცია.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს კომპანია თბილისში სხვა სამშენებლო პროექტებსაც ახორციელებს, მაგალითად, გმირთა მოედანთან. შესაძლოა, ახალი კომპლექსის მცხოვრებლებს მეტად გაუმართლოს და შიშის ქვეშ არ მოუწევთ ცხოვრება“, – ამბობს მიხეილი.

კომპლექსის მცხოვრებლები თბილისის მერიას და პროფილურ სამსახურებს მომხდარზე ყურადღების გამახვილებას სთხოვენ.