თბილისი (GBC) – 2025 წელს დაგეგმილია საქართველოში რეგისტრირებული 600-ზე მეტი ობიექტის შემოწმება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ავრცელებს.
"სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის და შედეგად, მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, არ შეიძინონ მცენარეთა დაცვის საშუალებები არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, დაიცვან შენახვის პირობები და ვადები, ასევე გაითვალისწინონ დოზირება და გამოყენების ინსტრუქცია", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვარგისობის ვადებს, წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს. სააგენტოს ინსპექტორები, პრეპარატების ხარისხისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იღებენ და ამოწმებენ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ნიმუშებს.
2024 წელს სპეციალიზებულ მაღაზიებში სააგენტომ 720-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია პესტიციდის 450 და აგროქიმიკატის 50 ნიმუში. კონტროლის შედეგად გამოვლინდა მარკირების, შეფუთვისა და დაფასოების წესის დარღვევის, უხარისხო, ვადაგასული და არარეგისტრირებული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 123 ბიზნესოპერატორი.