თბილისი (GBC) – „ვირტუალური ზონის პირი“ (ვზპ) ეს არის სტატუსი, რომელიც ენიჭებათ საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოღვაწე ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნით. საქართველოს კანონმდებლობით, ასეთი სტატუსის დამადასტურებლად, სტატუსის მიმღებ კომპანიებზე გაიცემა სერტიფიკატი.

ამ სტატუსით საერთაშორისო კომპანიების დაინტერესება რომ დიდია, დღევანდელი მოცემულობაც მოწმობს – დღეს საქართველოში ვზპ სტატუსი 1 200–ზე მეტ კომპანიას აქვს მინიჭებული. სწორედ ეს სექტორი ქმნის საქართველოში მაღალშემოსავლიანი საშუალო კლასის მნიშვნელოვან ნაწილს, რაც სოციალურ–ეკონომიკური ფონის გასაუმჯობესებლად საუკეთესო ინსტრუმენტია. ვზპ სტატუსის მქონე კომპანიების მიერ გაცემული მაღალი ხელფასები კი ქვეყნის რეალურ ეკონომიკაში ბრუნავს. ამას ემატება მსოფლიო ბაზარზე დღეს ყველაზე მოთხოვნადი, მაღალი კვალიფიკაციის IT-სპეციალისტების ადგილზე დაკავება. ეს პროფესიონალები აღარ ხდებიან იძულებული, უკეთესი ანაზღაურების ძიებაში ქვეყნის ტერიტორია დატოვონ.

მოკლედ საგადასახადო შეღავათების და მარეგულირებელი კანონების შესახებ

„ვირტუალური ზონის პირის“ სტატუსის მქონე კომპანიები თავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან იმ მოგებაზე, რომელიც მათ მიიღეს პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების (მაგალითად, ვებგვერდი, მობილურის აპლიკაცია, პროგრამა (software)) უცხოელი კლიენტებისთვის შექმნით. ანუ, ამ შემთხვევაში საუბარია ექსპორტირებული ციფრული პროდუქტიდან მიღებულ მოგებაზე.

ვირტუალური ზონის პირის საქმიანობა საქართველოში ძირითადად 4 სამართლებრივი აქტით რეგულირდება. ესენია: საქართველოს საგადასახადო კოდექსი; „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონი; „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის N49 დადგენილება და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია.

თუმცა, კანონები და ინსტრუქციები, როგორც ყველა სხვა სფეროში, აქაც მუდმივ ყურადღებას, დახვეწას, თანამედროვეობაზე მორგებას საჭიროებს. ამ მიმართულებით მუშაობა კი ვზპ სტატუსის მქონე კომპანიებისთვის ინდივიდუალურად პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ საკუთარი ინტერესების დაცვის, სახელისუფლებო სტრუქტურებთან კონსტრუქციული კომუნიკაციისა და შედეგად ამ კომპანიებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შესაქმნელად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებით. ასოციაციას სათავეში უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი და ლობისტი შორენა კოპალეიშვილი ჩაუდგა. ფინანსთა სამინისტროსთან და ბიზნეს ომბუდსმენთან ქალბატონი შორენას აქტიურმა თანამშრომლობამ შედეგიც გამოიღო და ვზპ სტატუსის კომპანიებს მანამდე დარიცხული საჯარიმო სანქციები ან გაუნულდათ, ან მინიმუმამდე შეუმცირდათ.

ასოციაცია ზემოხსენებული აქტივობების გარდა, აქტიურად უწევს კონსულტაციებს იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიღებით არიან დაინტერესებული.

გზა სტანდარტულ დაბეგვრას დაქვემდებარებული კომპანიიდან ვზპ–მდე

პირველ რიგში, განვსაზღვროთ, რომელი კანონით რა ენიჭება კომპანიას საქართველოში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე - 36-ე ნაწილების თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

საქართველოში ვირტუალური ზონის პირის სტატუსით დაინტერესებულმა კომპანიამ თავდაპირველად განცხადებით უნდა მიმართოს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს. ამისათვის კანდიდატი ელექტრონულად ავსებს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fas.ge) განთავსებული განცხადების ფორმას.

კომპანიის წარმომადგენელმა განცხადებას აუცილებლად უნდა დაერთოს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროექტების ჩამონათვალი.

ამის შემდეგ, კომპანიას ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ენიჭება განაცხადის გაკეთებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღეში. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი გაიცემა უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. ვირტუალური ზონის პირის სტატუსი გაიცემა უვადოდ.

კიდევ რამდენიმე იურიდიული ნიუანსი

საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის ცნებასა და მის შექმნასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ამავე დროს, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს კომპიუტერული პროგრამის ცნებას. კერძოდ, ამ კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, „კომპიუტერული პროგრამა“ არის ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალასაც.

ისევე როგორც „კომპიუტერულ პროგრამაში“, პროგრამულ უზრუნველყოფაშიც, როგორც წესი, იგულისხმება პროგრამა ან პროგრამების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს თვით კომპიუტერის საოპერაციო პროცესებისათვის აუცილებელ ინსტრუქციებს ან ინსტრუქციებს სხვა ამოცანების შესასრულებლად. პროგრამული უზრუნველყოფა აპარატული უზრუნველყოფისგან (კომპიუტერული მოწყობილობებისგან) დამოუკიდებელია და სწორედ მისი მეშვეობით არის შესაძლებელი კომპიუტერების პროგრამირება.

ვზპ კომპანიის რომელ პროდუქტზე არ ვრცელდება საგადასახადო შეღავათი?

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის ფარგლებში საქმიანობასთან შესაბამისობის მიზნით მნიშვნელოვანია კომპანიის საქმიანობა გულისხმობდეს კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების სფეროში ისეთი საქმიანობის განხორციელებას, რომელიც გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფის ან/და შემუშავებაში. შესაბამისად, თუ ეს საქმიანობა შემოიფარგლება კომპანიის მიერ სხვადასხვა აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით განსაზღვრული მომსახურების ელექტრონულად გაწევით, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის შექმნა, ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგება არ ჩაითვლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებით მიღებულ მოგებად და შესაბამისად, მის განაწილებაზე ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.

უფრო მარტივი გზა ვზპ სტატუსამდე

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მოპოვების პროცესის გამარტივების და წინასწარ ყველა საჭირო დეტალში გაცნობიერებისთვის საუკეთესო გზაა კონსულტაციების გავლა ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაში. აქ სრულ ინფორმაციას მიიღებთ არა მხოლოდ სტატუსის მიღების პროცედურებზე, არამედ საქართველოს ბაზარზე, არსებული რეგულაციების პირობებში შემდგომ ოპერირებასთან დაკავშირებულ ნიუანსებზე, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ ბიზნესის მართვას ვზპ სტატუსის ქვეშ.