თბილისი (GBC) – საქართველოში პროფესიის შეცვლის ძირითადი მიზეზი უკეთესი სამუშაო პირობების ძიებაა, ყველაზე მეტად კი ახალ პროფესიად აიტი მიმართულებას ირჩევენ.
Insource-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების უმეტესობამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთხელ მოახერხა საქმიანობის ცვლილება, თუმცა მცირე ნაწილმა ოთხჯერ ცვლილებაც კი შეძლო.
რესპონდენტების 67%-მა ცვლილების მიზეზად „ახალი პროფესიისადმი ინტერესი“ დააფიქსირა; 49.5%-მა - „დამსაქმებლის შეცვლის შესაძლებლობა“; 17%-მა ცვლილების მიზეზად „საერთაშორისო კომპანიაში დასაქმების სურვილი“ მონიშნა; 13,6%-მა - „დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე გასვლა; ხოლო 9.9% ცვლილების მიზეზად „პროფესიის პოპულარობას“ მოიაზრებს.
ტოპ ახალ პროფესიებში შემდეგი საქმიანობები სახელდება:
26.4% - მენეჯერი, გუნდის ლიდერი: Product Owner, Project Manager, Business Analyst
11% - გაყიდვების მენეჯერი: Project Manager, Product Owner, Business Analyst, Software quality assurance
6.6% - კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი: Business Analyst, Content Creator, Tech Recruiter
6.2% - HR მენეჯერი: Product Owner, Business Analyst
5.5% - მარკეტერი: Product Owner, Designer
3.7% - ფინანსისტი: Business Analyst.
რესპონდენტების 28% ამბობს, რომ პროფესიის შეცვლის შემდეგ, მათი ჯამური შემოსავალი გაიზარდა 20%-ით, 11.5%-ის ანაზღაურება არ შეცვლილა, ხოლო 6,2%-ს ანაზღაურების 15%-ით ზრდა მოუტანა პროფესიის ცვლილებამ. ამას გარდა, რესპონდენტების 67,4% ამბობს, რომ აღარ დაუბრუნდება ძველ პროფესიას, უმეტესობა (65%) კი აღნიშნავს, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში არ გეგმავს საქმიანობის შეცვლას.