თბილისი (GBC) - ჯივიპის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა და აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ მონაწილეობა მიიღეს „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ეხებოდა.
ფორუმზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა უმსხვილესი დარგობრივი ინვესტორის, Aquaila-ს საქართველოში ოპერირების მიზნებსა და ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვაზე ისაუბრა.
ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს.
“თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, სადაც ჯივიპი ოპერირებს 3 წლის განმავლობაში 400 მლნ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ქსელზე ავარიების რაოდენობა.“ - დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.
„ეკონომიკურ ფორუმზე საუბარი იყო წყალმომარაგების სექტორში არსებულ გამოწვევებზე და იმ საინვესტიციო მიდგომებზე, რომელიც კომპანიებს აქვთ. 2024-2026 წლებში ჯივიპი 363 მლნ ლარის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომელიც სრულად მოხმარდება თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების სერვისის გაუმჯობესებას.“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი.