თბილისი (GBC) – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ახალი მოდელიდან გამომდინარე, სახელმწიფოს გეგმურზე დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება მოუწევს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული თანხა საჭირო გახდა ახალი კომპონენტის განსახორციელებლად, რაც ფუნდამენტური საპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ნავმისადგომების, კომუნიკაციებისა და სხვა თანამდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა უცვლელი რჩება და 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა იცვლება დაფინანსების პროპორცია. წინა კონცეფციით, სახელმწიფოს ვალდებულება მხოლოდ მიმდინარე ინფრასტრუქტურა (ტალღმჭრელი და ფსკერის დაღრმავება), ასევე რკინიგზა და მისასვლელი გზა იყო, ახალი მოდელით კი ამ ჩამონათვალს ნავმისადგომების მშენებლობაც დაემატა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში 50-52 მილიონი დოლარის ოპტიმიზაცია განხორციელდა. შესაბამისად, ნაცვლად 250 მილიონისა, სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი დოლარის მოძიება დასჭირდება, რაც საბიუჯეტო სახსრებითა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (IFI) თანამშრომლობით დაფინანსდება. მინისტრის თქმით, საერთაშორისო დონორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და პროექტის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. კერძო საერთაშორისო ოპერატორებს კი ინვესტიციების ჩადება ნავმისადგომების სრულად აღჭურვისთვის მოუწევთ.
რაც შეეხება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან თანამშრომლობას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეები აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. „ჩვენ ვრჩებით ძალიან მეგობრულ და პარტნიორულ რეჟიმში ჩინურ მხარესთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვიხილავთ ჩინური მხარის ჩართულობას ანაკლიის პორტის განახლებულ მოდელში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა. მანვე დასძინა, რომ თუ კონკრეტულად ვინ იქნება ახალ მოდელში ჩინური მხარის წარმომადგენელი, ეს მიმდინარე სამუშაო პროცესში უფრო ნათლად გამოჩნდება.
საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ანაკლიის პორტში ინვესტირებას სამი მიმართულებით განახორციელებს: დაღრმავებითი და ტალღმჭრელის სამუშაოები, რკინიგზისა და დამაკავშირებელი გზის მოწყობა და ახალი კომპონენტი - ძირითადი საპორტო ინფრასტრუქტურისა და ნავმისადგომების მშენებლობა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ნავსადგურს პირველი გემი ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღო. თუმცა, სწორედ იმ წელს საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გააუქმა, რამაც პროექტის განხორციელება წლებით შეაფერხა.
მოგვიანებით, 2024 წლის 29 მაისს, მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტის 49-პროცენტიან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company ჩაიბარებდა. ეს ფირმა ჩინეთის ამბიციური გლობალური პროექტის, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, თუმცა, ამავდროულად, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განხორციელებული დესტრუქციული ქმედებების გამო შეერთებულ შტატებს „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი.
მიუხედავად ჩინური მხარის გამოჩენისა, პროექტით დასავლელი პარტნიორებიც ინტერესდებიან. 2026 წლის მარტში ანაკლიის პორტის გეგმა თბილისში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის გააცნეს. ამ დროისთვის ოფიციალური საინვესტიციო ხელშეკრულება მხარეებს შორის ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული და დეტალურ შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე პორტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის არის მოსალოდნელი. პორტის მშენებლობის პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობაზეც.
