თბილისი (GBC) - საქართველო და თურქმენეთი შავი და კასპიის ზღვების საპორტო ინფრასტრუქტურის ორმხრივი სარგებლისთვის გამოყენებაზე, TRACECA-სა და „ლაპის ლაზულის“ სატრანზიტო დერეფნების განვითარებაზე შეთანხმდნენ.

როგორც საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ორმხრივი ლოგისტიკური პორტფელი ძალიან იმედის მომცემ პროექტებს მოიცავს. მისივე თქმით, სატრანსპორტო სფეროს გარდა, მხარეებს სურთ პარტნიორობის გაღრმავება ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო, ტექსტილისა და მშენებლობის სექტორებში.

ბერდიმუჰამედოვმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და აღნიშნა, რომ მიმდინარე სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებები ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაფართოებას.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი დონის ვიზიტი თბილისში საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლის იუბილეს ემთხვევა.