თბილისი (GBC) – აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ სააგენტო TREND-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაქოში დაგეგმილი კონფერენცია COP29 საქართველოს ტექნოლოგიურ და მდგრად პროექტებში „მწვანე“ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. 

ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კავკასიას საკვანძო როლი აქვს რეგიონთაშორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში. „კავკასია ევროპისა და აზიის გადაკვეთაზე მდებარეობს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონულ თანამშრომლობაზე და უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია ტრანსსასაზღვრო ურთიერთქმედებების“, – აღნიშნა მან.

მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დაგეგმილი ეს ღონისძიება უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოს, მოიზიდოს „მწვანე“ ინვესტიციები. „COP29–ზე ყურადღება გამახვილდება ეკოტურიზმის განვითარებაზე და საქართველოს ეკოლოგიური ინიციატივების მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კონფერენციას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია მთელი რეგიონისთვის.