თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ ყაზახეთში გამართულ ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მე-7 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო გადაზიდვების წარმოებასა და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. რეგლამენტის მიხედვით, სარკინიგზო ხაზის გამართული ფუნქციონირების, კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სამომავლოდ ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით, განისაზღვრა:
√ სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების წარმოების ოპტიმიზებული ვადები
√ რკინიგზებს შორის პასუხისმგებლობის განაწილების, პროცესში ჩართული მხარეების კოორდინაციისა და ურთიერთკონტროლის მექნიზმები
√ სატარიფო პირობები
√ ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით ინფორმაციული გაცვლის პრინციპები
სამმხრივ შეხვედრაზე რკინიგზის ხელმძღვანელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებაზე ტვირთმფლობელებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მიწოდების ვადებია, შესაბამისად ამ საკითხზე მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ.