თბილისი/ბაქო (GBC) - 1Q26-ში სამხრეთ კავკასიის ორ მეზობელ ქვეყანაში ტურიზმის სექტორმა განსხვავებული დინამიკა აჩვენა: საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა შემცირდა ჯამური შემოსავლები, ხოლო აზერბაიჯანში კლება დაფიქსირდა როგორც ვიზიტორების ნაკადში, ისე მათ მიერ გაწეულ ხარჯებში.

ორივე ქვეყნის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონში ტურისტული აქტივობა წინა წელთან შედარებით გარკვეულ კორექტირებას განიცდის.

საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 994.8 ათასს მიაღწია, რაც 2.5%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურისტული ტიპის ვიზიტების 4%-იანი ზრდა, რამაც 997.5 ათასი შეადგინა.

ამის საპირისპიროდ, აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 484.4 ათასი უცხოელი ჩავიდა, რაც 4.7%-ით ნაკლებია 1Q25-თან შედარებით. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ ჩამორჩება საქართველოს მიერ მიღებულ ვიზიტორთა რაოდენობას.

მიუხედავად ვიზიტორთა რაოდენობის ზრდისა, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემცირდა. ჯამურმა ხარჯებმა ₾2.2 მლრდ შეადგინა, რაც 5.2%-იანი კლებაა. საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე 5.1%-ით შემცირდა და 1 897.1 ლარი შეადგინა.

ანალოგიური ტენდენციაა აზერბაიჯანშიც, სადაც უცხოელთა დანახარჯები 14.8%-ით შემცირდა და 511.7 მლნ მანათი შეადგინა. ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი კლება განთავსების მომსახურებაზე (-25.4%) დაფიქსირდა.

ორივე ქვეყნისთვის რუსეთი კვლავ რჩება მთავარ საექსპორტო ბაზრად. საქართველოში რუსეთიდან 202.4 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა (20.3%-იანი წილი).

საქართველოს შემთხვევაში მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან თურქეთი (18.5%) და სომხეთი (11.8%). აზერბაიჯანში კი თურქეთიდან ჩასული ტურისტების ხარჯებმა 6.4%-ით მოიმატა, მაშინ როცა ინდოეთიდან შესული ნაკადების დანახარჯები 3-ჯერ შემცირდა.

საინტერესოა, რომ საქართველოში ვიზიტების 83.6% განმეორებითი ხასიათისაა, ხოლო ვიზიტორთა საშუალო ასაკი 31-50 წლამდე მერყეობს. აზერბაიჯანში კი ხარჯების ყველაზე დიდი წილი (234.6 მლნ მანათი) სატრანსპორტო მომსახურებაზე მოდის.