თბილისი (GBC) - საპარლამენტო დროებითმა კომისიამ, რომელიც სამი თვის განმავლობაში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას შეისწავლიდა, მუშაობა დაასრულა. კომისიის დასკვნით, საქართველოში პროდუქტების მაღალ ფასს არა ბიზნესის „გადაჭარბებული მოგება“, არამედ სისტემური არაეფექტურობა და გაუმჭვირვალე კომერციული ურთიერთობები განაპირობებს.
კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, დოკუმენტი სხდომაზე წარადგინა და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მომზადებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.
ფასწარმოქმნის „უხილავი“ ბარიერები
ბერეკაშვილის განცხადებით, FMCG (სწრაფი მოხმარების საქონლის) სექტორის კვლევამ აჩვენა, რომ ფასების ზრდას საოპერაციო ხარჯების სიმძიმე იწვევს, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელზე აისახება.
„ფასწარმოქმნის ჯაჭვში არსებული გაურკვეველი კომერციული ურთიერთობები, არაეფექტური საოპერაციო ხარჯები და გამჭვირვალობის ნაკლებობა არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც პროდუქტებზე საბოლოო ფასს ზრდის. სურათმა აჩვენა ქსელიდან დაწყებული, მწარმოებლით და იმპორტიორით დამთავრებული, ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში“.
კომისიამ რამდენიმე სისტემური ხარვეზი გამოკვეთა:
- გამჭვირვალობის დეფიციტი: არსებობს მარკეტინგული გადასახადები, რომლებიც სტანდარტულ კომერციულ ლოგიკას არ ექვემდებარება.
- გადახდების დაგვიანება: ქსელების მხრიდან თანხის დაგვიანებით გადახდა დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს დამატებით ფინანსურ წნეხს უქმნის.
- ინფორმაციული ასიმეტრია: მწარმოებლებს არ აქვთ წვდომა საკუთარი პროდუქციის ნაშთების ბრუნვაზე, რაც დაგეგმარებას აფერხებს.
ევროპული სტანდარტი და „არასამართლიანი ვაჭრობის“ წინააღმდეგ ბრძოლა
კომისიის მთავარი რეკომენდაციაა ევროკავშირში არსებული „არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ“ დირექტივის (UTP Directive) ანალოგიური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა. ეს გულისხმობს გვიან გადახდების აკრძალვას და მწარმოებელსა და რიტეილს შორის ურთიერთობის სტანდარტიზაციას.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ დირექტივის ფარგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში... ეს არის საშუალოვადიანი პერიოდი. სექტორი არის ძალიან დიდი, ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს. აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან თარგეტირებული, ძალიან წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი“.
ბერეკაშვილის ვარაუდით, სისტემის სრული გაჯანსაღება და ახალ მოდელზე გადაწყობა 6-დან 9 თვემდე ვადაშია შესაძლებელი.
ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და ჯაჭვის შემცირება
კომისია ხელისუფლებას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სპეციალური საგადასახადო შეღავათებისა და მხარდაჭერის პროგრამების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
„მცირე და საშუალო მწარმოებლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს... რეკომენდაციის ნაწილი მოიცავს იმასაც, რომ მათთვის რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს, რომ მათ უფრო ადვილად შეეძლოთ ქსელში თავიანთი პროდუქციის განთავსება. ეს არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც აუცილებელია. ძირითადი გამოწვევა არის არა კომერციული მექანიზმების, არამედ სამუშაო კაპიტალის სიმცირე.“
გარდა ამისა, დასკვნაში ხაზგასმულია მიწოდების ჯაჭვის დამოკლების აუცილებლობა - მწარმოებელსა და საცალო ქსელებს შორის შუალედური რგოლების ელიმინაცია და ცენტრალიზებული სადისტრიბუციო ცენტრების განვითარება.
პოლიტიკური უთანხმოება დასკვნის გარშემო
მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა, სხდომაზე ოპოზიციური და ზოგიერთი სახელისუფლებო ფრთის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა მაინც გაისმა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ აქცენტი კორუფციაზე გააკეთა: „საქართველოში თუ გვინდა, რომ ფასებმა დაიწყოს კლება, ამისთვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. ჯანსაღი კონკურენცია ვერ შეიქმნება ვერც ერთ შემთხვევაში თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, არ მოისპო ლობირება და არ მოისპო კორუფცია“.
ხოლო „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ, მხარდაჭერისგან თავის შეკავება დოკუმენტის გვიან მიწოდებით ახსნა: „დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა... დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია. უბრალოდ, გუშინ 21:00 საათზე მოგვეწოდა და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ამის სრულფასოვნად გაცნობას“.
დროებითი საპარლამენტო კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნა, მას შემდეგ რაც მთავრობამ ევროპულთან შედარებით საქართველოში სურსათზე მაღალ ფასებზე გაამახვილა ყურადღება. წარდგენილი დასკვნა ახლა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება და სესიაზე განიხილება.