თბილისი (GBC) –  ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი 100 ერთეული „EURO 5“-ის სტანდარტის მიკროავტობუსით განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე თქმით, მიკროავტობუსების შესაძენად12 528 100 ლარი დაიხარჯა, ახალ მიკროავტობუსებზე კი 250 მძღოლი დასაქმდა.

62 ახალი მიკროავტობუსი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ხელვაჩაურის მიმართულებებს და ქალაქთან დაკავშირებულ 64 სოფელს მოემსახურება. 38 ერთეული მიკროავტობუსით კი, დამატებით შეიქმნება ქალაქის 5 ახალი, საცდელი მარშრუტი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შემოერთებულ ტერიტორიებზე იმოძრავებს.

მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალური ავტოპარკის განახლება სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების ნაწილია, რაც გულისხმობს მოქალაქის უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობას.

"წელსვე იგეგმება 25 ერთეული M3 კატეგორიის 12–მეტრიანი „EURO 5“-ის სტანდარტის ავტობუსის შემოყვანა", - ვკითხულობთ ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული ავტობუსების მეშვეობით დამატებით შეიქმნება ახალი მარშრუტი ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. დარჩენილი რაოდენობა დაემატება მგზავრთა მაღალი ნაკადის ინტენსივობით დამახასიათებელ მარშრუტებს, ინტერვალების შესამცირებლად. შედეგად დასაქმდება 65 მძღოლი.