თბილისი (GBC) – ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ცერემონია დღეს, 11 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი აშენდა.
ახალი შემოვლითი გზა გადის შემდეგ სოფლებზე - მახინჯაურზე, განთიადზე, კაპრეშუმზე, სალიბაურზე, ფერიაზე, მახვილაურსა და ხელვაჩაურზე.
როგორც ცნობილია, ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. ბათუმის შემოვლითი გზა კი (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის 329 630 734 ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.