თბილისი (GBC) – Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air ფრენებს ციურიხი-თბილისი-ციურიხის საჰაერო ხაზზე 12 აპრილიდან იწყებს, თუმცა რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. Avia.ge-მ GBC-ის აცნობა, რომ ეკონომკლასის ავიაბილეთის ღირებულება ორი მიმართულებით შეადგენს 1320 ლარს 8კგ ხელბარგით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები delweiss Air-ს მიერ კვირაში 2 სიხშირით შესრულდება, ყოველ სამშაბათს და კვირას. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 20 მარტს მიანიჭა.

Edelweiss Air ორიენტირებულია დასვენებისა და მოგზაურობის მსურველებისთვის ტურისტული მიმართულებების შეთავაზებით. ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელმისაწვდომს გახდის საქართველოსა და შვეიცარიას შორის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას.