თბილისი (GBC) – ევროკავშირი და ჩინეთი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), იგივე „შუა დერეფანს“, აღმოსავლეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის ალტერნატიულ გზად განიხილავენ.
ევროკავშირმა 2026 წლის აგვისტოში ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ახალი პლატფორმა შექმნა, რომლის მიზანია ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირება შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ევროკავშირი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოზიდვას გეგმავს.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ ტრანსკასპიური მარშრუტით ვაჭრობის მოცულობა მომდევნო 15 წელიწადში შესაძლოა ხუთჯერ გაიზარდოს.
დერეფნის მთავარი მონაწილეები ყაზახეთი და აზერბაიჯანი არიან. ყაზახეთის განცხადებით, ქვეყანამ ბოლო შვიდ წელიწადში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 35 მილიარდი დოლარი ჩადო და მომავალშიც გეგმავს ინვესტირების გაგრძელებას, რათა ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლის როლი გაიმყაროს.
ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც. ყაზახეთში ალმათის შემოვლითი 75-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის პროექტს დაახლოებით 300 მილიონი დოლარით აფინანსებენ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ქვეყნის საავტომობილო გზების მოდერნიზაციის პროგრამის ღირებულება კი 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გაფართოვდა ყაზახეთის კასპიისპირა პორტების შესაძლებლობებიც. აქტაუსა და ყურიკის პორტებში განხორციელებული პროექტების შედეგად მათი საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 21,6 მილიონ ტონამდე გაიზარდა. პარალელურად, აზერბაიჯანი და საქართველო ბაქოს პორტისა და ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდაზე მუშაობენ, რამაც ტვირთების თურქეთისა და ევროპის ბაზრების მიმართულებით გადაზიდვას უნდა შეუწყოს ხელი.
მიუხედავად ინფრასტრუქტურის განვითარებისა, „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდვების მოცულობა ჯერ კიდევ შედარებით მცირეა. 2024 წელს მარშრუტით 4,5 მილიონი ტონა, 2025 წელს კი 4,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2030 წლისთვის მიზნობრივი მაჩვენებელი 11 მილიონი ტონაა.
ევროკავშირისთვის „შუა დერეფანი“ მნიშვნელოვანია როგორც ჩინეთიდან ტვირთების რუსეთის მარშრუტის ალტერნატივა, ხოლო ჩინეთი მას ევროპისკენ მიწოდების გზების დივერსიფიკაციისა და ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური გავლენის გაძლიერების შესაძლებლობად განიხილავს.
