თბილისი (GBC) – თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ჯამური მგზავრთნაკადი 2026 წელს 6.7 მილიონს გადააჭარბებს. თბილისის აეროპორტში 5.4 მილიონზე მეტი მგზავრია მოსალოდნელი, ბათუმში კი – 1.3 მილიონზე მეტი.

აღნიშნული ორი აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მიერ წარდგენილი პროგნოზის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-ით გაიზრდება, ბათუმის აეროპორტის კი 10%-ით.

რეისების რაოდენობა თბილისში 3%-ით, ბათუმში კი 12%-ით მოიმატებს.

თბილისის აეროპორტიდან რეისები 80 მიმართულებით სრულდება, მათ შორის 62 სამგზავრო და 12 სატვირთო მიმართულებით. ბათუმის აეროპორტი 41 მიმართულებას ემსახურება.

მგზავრთნაკადის დღიური რეკორდები

2026 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღიური რეისების რეკორდული რაოდენობა - 206 რეისი - 9 აგვისტოს დაფიქსირდა. მგზავრთა მაქსიმალურმა რაოდენობამ კი 16 აგვისტოს 23 483 შეადგინა.

ბათუმის აეროპორტში ყველაზე მეტი რეისი - 118 - 3 სექტემბერს შესრულდა, მგზავრთნაკადის დღიური რეკორდი კი 13 აგვისტოს დაფიქსირდა და 11 005 მგზავრი შეადგინა.

თბილისის აეროპორტის გაფართოება – $150 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მიმდინარე პროექტში TAV Georgia-ს ინვესტიცია 150 მილიონ დოლარს აჭარბებს. პროექტის დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება, რის შედეგადაც აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა გაორმაგდება.

მონაცემები TAV Georgia-მ აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომაზე და ზაფხულის საავიაციო სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინა.