თბილისი (GBC) – საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში ₾108 მლრდ-ს გაუტოლდა, რაც 16.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 8.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წელს 7.5%-ით განისაზღვრა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (9.3%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები  (9.2%). შემდგომ პოზიციებს იკავებს მშენებლობა (8.8%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.6%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2%), განათლება (5.8%), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (5.7%).

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.9%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.5%), განათლება (16.8%),  საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (15.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (10.8%).

კლება აღინიშნა და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (7.6%) და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის (3.7%) სექტორებში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე 2015–2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშების შემდეგ, განხორციელდა ეროვნული ანგარიშების ერთ სულზე მაჩვენებლების გადაანგარიშება 2015 წლიდან.